ვინ ამწვავებს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს მედიაში?
ედგარ ბრუტიანი
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა შორის საქართველო ეთნიკურად ყველაზე ჰეტეროგენურია. მრავალფეროვნება ჩვენ როგორც გვაძლიერებს, ასევე ქვეყანაში ან რეგიონში კრიზისული სიტუაციების დროს მავანთა ხელში არეულობისა და მდგომარეობის მეტად დესტაბილიზაციის იარაღად იქცევა. სამწუხაროდ, ჩვენ - ეთნიკური უმცირესობები (განსაკუთრებით, რეგიონებში მჭიდროდ დასახლებული სომხები და აზერბაიჯანელები) სრულად არ ვართ ჩართულნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების შექმნასა და განვითარებაში და დაძაბულობის ფონზე ჩვენდამი კიდევ უფრო მეტად გაზრდილი დისკრიმინაციული დამოკიდებულება ხელს უშლის ჩვენს ისედაც ნელ ინტეგრაციას ქართულ სახელმწიფოში. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე დავკვირვებოდი ივლისსა და სექტემბერ-ნოემბერში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე განვითარებულ მოვლენებსა და ამბების გაშუქების ტენდენციებს.
16 ივლისი
ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი - მანიპულაციის საგანი
მარნეულში აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის თემა ხშირად არის მანიპულაციის ობიექტი და ეთნოსებს შორის ურთიერთდაპირისპირების საგანი. მარტში ძეგლის რესტავრაციის შემდეგ ადგილობრივმა ეპარქიამ მისი დემონტაჟის საკითხი კვლავ წინ წამოსწია. ამასთან დაკავშირებით არაერთი აქცია გაიმართა - მათ შორის, თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით, 16 ივლისის აქციაა აღსანიშნავი. ამ აქციაში, მთავარი არხის ცნობით, საგანგებოდ “ქართული მარშის” წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. მაშინ, როდესაც სამეზობლოში ივლისის კონფლიქტი თავის კრიტიკულ ფაზაში იყო, ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფის ჩასვლა მარნეულში, შესაძლოა, ეთნიკური შუღლის გაღვივებით ყოფილიყო მოტივირებული. მიუხედავად აქციაში მონაწილეობაზე “ქართული მარშის” წევრების კატეგორიული უარყოფისა, სუს-მა ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და სანდრო ბრეგაძე 21 ივლისს დაიბარა. აქციაში საკუთრივ ამ ჯგუფის წევრების მონაწილეობა დაზუსტებით ვერ მტკიცდება, თუმცა ამ ჯგუფთან დაკავშირებული ადამიანები მასში ნამდვილად იღებდნენ მონაწილეობას. მაგალითად, „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც “მთავარი არხის” ჟურნალისთან კატეგორიულად უარყოფს თავის რაიმენაირ კავშირს “ქართულ მარშთან”; “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ეს” ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა აქციაზე. ამ ორმა უკანასკნელმა ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად, რომელიც ამ საკითხზე განსაკუთრებით “ტევე ობიექტივის” გადაცემებში აქტიურობდა, 2018 წლის მაისში “ქართული მარშის” წევრებთან ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმება” გააფორმა

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი მარნეულში
ნიკოლოზ მჟავანაძე, ზვიად ტომარაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სანდრო ბრეგაძე
ყურადღებას იქცევს სოციალურ ქსელში ზვიად ტომარაძის, ნიკოლოზ მჟავანაძისა და Facebook-გვერდის “ალილო მარნეულში” ერთმანეთთან კავშირიც. აღნიშნული Facebook-გვერდი მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად აზიარებდა მჟავანაძის გამოსვლებს, რომლებიც აშკარა ქსენოფობიური განცხდებებით გამოირჩეოდა; ისინი ასევე აზიარებდნენ ტომარაძის პოსტსაც - მიწის შესყიდვასთან დაკავშირებულ ჩავარდნილ კანონპროექტს. ზვიად ტომარაძეც, თავის მხრივ, აზიარებდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის პოსტებს. სამწუხაროდ, ხელთ არსებული რესურსებით რთულია იმის თქმა, თუ ვინ დგას ამ ფეისბუკ გვერდის დომენის უკან, თუმცა ერთი რამ აშკარაა - Facebook-გვერდი “ალილო მარნეულში” ეთანხმება ამ ადამიანთა მოსაზრებებს და თავადაც აქვეყნებს და აზიარებს ქსენოფობიურ პოსტებს.

მთელი ამ დროის განმავლობაში facebook-გვერდი “ალილო მარნეულში” ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით აქტიურად აქვეყნებდა პოსტებს. გვერდი ძირითადად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის პოზიციას უჭერდა მხარს. ამის შემდეგ ფეისბუკ გვერდი დავით გარეჯზე იწყებს სპეკულირებას (აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის ივლისის შეტაკება დასრულებულია (ბოლო გასროლა საზღვარზე 22 ივლისს ფიქსირდება), თუმცა მაშინ არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები), რასაც ძალიან მალე ჯერ თურქოფობიური და შემდეგ ზოგადად ქსენოფობიური განცხადებები მოჰყვება, რომლებშიც აზერბაიჯანელების "შესაძლო სეპარატიზმზეა" საუბარი. 6 სექტემბერს აღნიშნული გვერდი კვლავ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს უბრუნდება.

მოცემული ციკლი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთმა საკითხვა ჯაჭვურად მრავალი სხვა მეტად მწვავე საკითხები წამოჭრას. 



ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია ქართველებისა და აზერბაიჯანელებისთვის ნარიმან ნარიმანოვის მნიშვნელობაზე საუბრობს. პოლიტოლოგი ხსნის, თუ რატომ ხდება ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი დროგამოშვებით მწვავე დაპირისპირების საგანი და რა გამოწვევებს უქმნის ეთნიკურ უმცირესობებს მსგავსი საკითხებით მანიპულირება.
Facebook-გვერდი "ალტ-ინფო"
ივლისის მოვლენების დროს საერთო ქსენოფობიური სურათის გასაძლიერებლად, ტრადიციულად, ულტრამემარჯვენე Facebook-გვერდი “ალტ ინფოც” აქტიურობდა. მათ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან გამართულ აქციასა და ამერიკაში მიმდინარე გამოსვლებს შორის პარალელი გაავლეს და აშშ-ის მაგალითზე საქართველოსთვის “იწინასწარმეტყველეს” “საშიში მომავალი”, რომელშიც უმცირესობები უმრავლესობაზე ბატონობენ.
აღსანიშნავია 21 ივლისს სოფელ ყარაჯალაში ჩასული TV Pirveli -ს ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის ადგილობრივების მიერ მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტის “ალტ ინფოისეული” გაშუქებაც - “აზერბაიჯანელები მედიას უტევენ”.

მარნეულის რადიოს დამფუძნებელი კამილა მამედოვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მედია გარემოსა და გამოწვევებზე საუბრობს. ჟურნალისტი ყვება, თუ რამდენად იცავს ადგილობრივი მედია სტანდარტებს მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას.
სექტემბერ-ნოემბერში სომხეთ-აზერბაიჯანის მასშტაბური ომის დაწყების პარალელურად ქსენოფობიური, არმენოფობიური და თურქოფობიური განცხადებების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ქართული წყაროებიდან ამგვარი განცხადებების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა საერთო სურათს რუსული, სომხური და აზერბაიჯანული წყაროები ცვლიან. ომის მიმდინარეობისას გამოქვეყნდა არაერთი პროვოკაციული და დეზინფორმაციული ნიუსი, რომელიც უშუალოდ საქართველოსთან იყო დაკავშირებული და ასევე ქმნიდა ეთნიკური შუღლის გაღვივების საფრთხეებს. 
3 ოქტომბერს საქართველოში მოქმედმა სომხურმა გვერდმა Hayartun-მა გამოქვეყნა პოსტი, რომელიც ამხელდა რამდენიმე დღით ადრე Tik-Tok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს - აზერბაიჯანელი გოგონა (სახელად Ayla Idrisova), რომელიც თავს სომეხად ასაღებდა, ქართველებს უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, ძაღლებს ადარებდა და აზერბაიჯანის მხარდაჭერაში სდებდა ბრალს.
ეს ვიდეო Tik-Tok-ზე ვირუსულად გავრცელდა, ხოლო მისი მხილების შემდეგ როგორც Tik-Tok-იდან, ასევე Facebook-ის ყველა გვერდიდან წაიშალა. ამჟამად ის არცერთ პლატფორმაზე არ არის ხელმისაწვდომი. Hayartun-ის გვერდს მტკიცებულებების სახით კომენტარებში რამდენიმე სქრინი ჰქონდა წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ამ პოსტის წაშლის შემდეგ მათი აღდგენა ვერ ხერხდება, თუმცა ამ სახელით მე შევძელი ამ გოგონას გვერდის მოძიება Facebook-ზე და დავრწმუნდი, რომ ის და ვიდეოში მოქმედი პირი ერთი და იგივე ადამიანია და რომ ის მართლაც ეთნიკურად აზერბაიჯანელია.
აქ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს 2 რამ: ქართველებისა და სომხების გადაკიდების მცდელობა და დეზინფორმაცია, რომ, თითქოს, საქართველო აზერბაიჯანს რაიმენაირად ეხმარება. ეს პირდაპირ კავშირშია მეორე დეზინფორმაციასთან თუ მცდარ ინფორმაციასთან, რომელიც ასევე ამავე პერიოდში ვრცელდება, ოღონდ ამჯერად საქმე გვაქვს სომხურ წყაროსთან.
გავრცელებული ნარატივის თანახმად, 2 ოქტომბერს სოციალურ ქსელში Facebook მომხმარებელმა ვაჰე პეტროსიანმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის თითქოსდა ბორჯომის რკინიგზის სადგურზე აფიქსირებს ჯავშან-ტექნიკას, რომელიც აზერბაიჯანში გასაგზავნადაა განკუთვნილი. ვიდეოში ის სომხურად საუბრობს და ამბობს - “,ვგონებ, ესენი [ქართველები] აზერბაიჯანში გასაგზავნად ამზადებენ ამ ტექნიკას”. ხაზგასასმელია ის, რომ ეს ადამიანი უბრალოდ გამოთქვამს ვარაუდს და არაფერს ამტკიცებს, თუმცა სოციალურ ქსელში ეს ვარაუდი მტკიცებითი ფორმით ქართველებისადმი საკმაოდ აგრესიული რიტორიკით აიტაცეს მომხმარებლებმა. გადაუმოწმებელ ინფორმაციას ასევე როგორც სომხური ( Bavnews, Armtime11), ისე რუსული (Реалист) ონლაინ გამოცემებიც ავრცელებდნენ. აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე ვაჰე პეტროსიანის გვერდი არამიგნებადია. შესაბამისად, ძნელია ითქვას - ვინაა ამ მცდარი ინფორმაციის თუ დეზინფორმაციის რეალური პირველწყარო.


ჩვენს რეგიონში მშვიდობა საკმაოდ სუსტი და მყიფეა. ქვეყნებში ეთნოსებს შორის ან საკუთრივ სახელმწიფოთა შორის შუღლის გაღვივების ნებესმიერმა მცდელობამ, შესაძლოა, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს, ამიტომ კრიზისულ სიტუაციებში, ვფიქრობ, საჭიროა უფრო მეტი სიფრთხილე, რადგან, როგორც ვნახეთ, ამ ძალებს შორის არიან როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ასევე პირდაპირ თუ ირიბად კრემლთან დაკავშირებული დაჯგუფებებიც, რომელთა მიზანი ერთია - საქართველოში სამოქალაქო არეულობის გამოწვევა და რუსეთიდან მტრის ხატის ჩვენს სხვა მეზობლებზე გადატანა
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website